აუსტრევიჩუსი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, კომპასი გაასწოროს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კომპასი გაასწოროს.

„პირველად 2008 წლის შემდეგ საქართველოს NATO-ში გაწევრების განზრახვა არ ჩაიწერა. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხოს „ლიბერალური ფაშიზმი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, კომპასი გაასწოროს, თორემ ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან”. – დაწერა მან X-ზე.

2024 წლის 10 ივლისს NATO-ს ვაშინგტონის სამიტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც 2008 წლის შემდეგ პირველად არ გამეორებულა წინა წლების ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები – მოწოდებაში რუსეთის მიმართ, გაიყვანოს ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან.

შარშან, 2023 წლის NATO-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს შესახებ ეწერა, რომ ალიანსი რჩება ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების მიმართ, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP-ით), რომელიც გაწევრების განუყოფელ ნაწილად ითვლება.

კომუნიკეში ასევე ეწერა, რომ მოკავშირეები ასევე იყვნენ მზად, „სრულიად გამოიყენონ ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“.

2022 წელს ეს ვალდებულება გაცხადებული იყო ნატოს სტრატეგიული კონცეფციაში.

ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების მიმართ მხარდაჭერა იყო გამოცხადებული 2021 წელს ბრიუსელის სამიტის შემდგომ დეკლარაციაშიც.