აუსტრევიჩუსი: ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზას

პუბლიკა

ევროპარალენტარი პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, თვის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე საქართველოსთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება და ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ევროკომისიას კვლავ ექნება იგივე პირობები, საქართველოს შემდეგ შემდეგ ნაბიჯზე გადანაცვლებისა და  ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებისთვის, – ამის შესახებ აუსტრევიჩუსმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„არ მგონია, სიტუაცია ოპტიმისტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული კომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და ვფიქრობ, საბჭო ამას მხარს დაუჭერს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიული განვითარების გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ორიენტაცია შეცვალა“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა („მთავარის“ თარგმანი).

ევროპარლამენტარის განცხადებით, მისი აზრით, გამაფრთხილებელი გზავნილები გაიჟღერებს საქართველოს მთავრობისთვის და სწორედ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ახლა მსგავსი სიტუაცია შექმნილიყო.

„მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული შეფასება ექნება საქართველოს ეფექტურობას ამ პერიოდში და გამაფრთხილებელი გზავნილი გვექნება მთავრობისთვის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები და პირობები, რომლებიც ეხება დემოკრატიას არის უპირველესი. ამიტომ, მმართველმა პარტიამ უნდა დაიცვას წესები და არ უნდა ჰქონდეს გაოცებული სახე და არ უნდა თქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო“, –  თქვა აუსტრევიჩუსმა („მთავარის“ თარგმანი).

ამასთან, პეტრას აუსტრევიჩუსი ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის გაკეთებულ კომენტარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერს სურს გაართულოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, ნამდვილად გაოცებული ვარ. ამ პოლიტიკოსს უნდა, რომ გაართულოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე არ მესმის რაში სჭირდებათ ეს გართულებები საქართველოსთვის, ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას. რატომ აკეთებს საქართველოს მთავრობა ამას? საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა გადახედოს თავის კომუნიკაციის მეთოდს ევროკავშირთან, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ავნებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა ( „მთავარის“ თარგმანი).