აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილს თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით“ მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს აპრილიდან პროგრამაში დამატებით, 145 ბავშვის ჩართვის საშუალება ექნება, რის შემდეგაც, 1 375 ბავშვისა და მოზარდის კომპლექსური თერაპიის კურსებს დააფინანსებს.
„პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10-ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში შვიდი შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. 2020 წელს მერიამ მათი ასაკი 18 წლამდე გაზარდა“, – ამბობენ მერიაში.
თბილისის მერიის ცნობით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ პრეცედენტულია და მოგვიანებით ის არაერთმა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დანერგა.
მერიაში ამბობენ, რომ უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებენ. ერთი ბავშვისთვის თვეში ვაუჩერის ღირებულება 400 ლარს შეადგენს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას მოიცავს.