TAV Georgia: 27 სექტემბერს საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური რეისები დაიწყება

პუბლიკა

TAV Georgia-ს განცხადებით, China Southern Airlines-ი 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.

ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს.

China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

აეროპორტის მმრათველი კომპანიის ცნობით, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

ჩინეთთან უვიზო რეჟიმი 11 სექტემბერს ამოქმედდა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში, შეხვედრა სი ძიპინთან და საქართველოსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება”. დოკუმენტში გამოიყო პარტნიორობის 4 მიმართულება: პოლიტიკური განზომილება; ეკონომიკური განზომილება; ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება; საერთაშორისო განზომილება.