„ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

პუბლიკა

კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანიის კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დაჯარიმების ფაქტს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი კომპანიები „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ ცალსახად არ ეთანხმებიან აღნიშნული მოკვლევის შედეგებს და ყველა მათგანი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში.

იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად, უზრუნველყოფას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი – ავერსი, PSP, გეფა და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს ცნობით, დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.