„ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა - კლინიკის დირექტორი

პუბლიკა

„ავერსის“ კლინიკის გენერალური დირექტორი, დიმა ჯორბენაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ რუსთავის ფილიალში ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, აღნიშნული თანამშრომლები შვებულებაში იმყოფებოდნენ და არა კლინიკაში.

„კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ველოდებით ტესტირების დაზუსტებულ პასუხებს რამდენიმე თანამშრომელი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. ორს დაზუსტებულად ვიცით, რომ დაუდგინდა კორონავირუსი, რომლებიც შვებულებაში იმყოფებოდნენ. ყველა კლინიკაში ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და დღეს დღის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი პასუხები. რამდენიმე იყო საეჭვო შემთხვევა, რომლებიც საჭიროებს გადამოწმებას და კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს ლაბორატორიაში“, – აცხადებს დიმა ჯორბენაძე.

კლინიკის გენერალური დირექტორის თქმით, ყველა თანამშრომელი, ვინც საეჭვოა, თვითიზოლაციაშია, ასევე თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ საეჭვო, თუმცა ტესტი ჩაბარებული აქვთ, ისინიც არ იქნებიან სამუშაო ადგილზე მანამ, სანამ არ იქნება ტესტის პასუხი.

დიმა ჯორბენაძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, კლინიკაში არცერთი მათგანი არ იმყოფება.

„ისინი სამუშაო ადგილზე არ დაიშვებიან მანამ, სანამ ტესტის პასუხი არ გვექნება და ამის შემდეგ უკვე ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა წავიდეს თვითიზოლაციაში და ვინ – სამკურნალოდ, ვინ უნდა ჩამოშორდეს სამუშაო პროცესს და ა.შ.“, – აცხადებს კლინიკის გენერალური დირექტორი.