„ავერსის” კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე „რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა.
გახოკიძისვე თქმით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა ხარაზიშვილს დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.
„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია”. – თქვა მან „რადიო თავისუფლებასთან”.
ინფორმაცია, რომ ზვიად ხარაზიშვილი „ავერსის კლინიკაში” შეიყვანეს, თავდაპირველად „ტვ პირველმა” გაავრცელა. „ტვ პირველი” ელაპარაკა რადიოლოგ სოფო მიქიაშვილი, რომელმაც თქვა:
„მოტეხილობა არა, მაგრამ მყესების პრობლემაა, რამდენიმე მყესის მაღალი ხარისხის დაზიანებაა. მხრის სახსრის [პრობლემაა]”.
მისივე თქმით, დაზიანება მექანიკურად შეიძლება იყოს მიყენებული.
„ავერსის კლინიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ) რადიოლოგიური კვლევა ჩაიტარა და კლინიკა უკვე დატოვა.
განახლება:
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად ხარაზიშვილის კლინიკაში ვიზიტის შესახებ განცხადა:
„ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას. ასევე, ვარჯიშის დროს მან მიიღო დაზიანება, რის გამოც “ავერსის” კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე”.