ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქე გამოემგზავრა, დანარჩენებზე მუშაობა გრძელდება - საგარეო

პუბლიკა

უნგრულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე.

„ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოიყენებული.

მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრასნპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.

საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.