ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს Covid-ვირუსი დაუდასტურდათ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში ჩამოიყვანეს.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილის გარეშე მიმდინარეობს, ინფიცირების წყარო უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე სამხედრო მოსამსახურეები, როგორც NATO-ს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, NATO-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ”, – აცხადებს სამინისტრო.

უწყება აღნიშანვს, რომ სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში Covid-პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.