ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ

პუბლიკა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზე განაცხადა, რომ ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს.

ალბანეზეს თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან (PA) მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაციის, საყოველთაო არჩევნების ჩატარების და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელების შესახებ.

„ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა“ კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, – განაცხადა ალბანეზემ.

პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებას სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთიც გეგმავს. სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო 2024 წლის ივნისში აღიარა.

ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმისთვის ჯილდოს მიცემაა”.

პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ნაწილს აკონტროლებს, წარსულში განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მისი ხალხის თვითგამორკვევისადმი მზარდი მხარდაჭერის მაჩვენებელია.