ავსტრიის კანცლერის თქმით, პუტინთან საუბარი იყო „ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი“

პუბლიკა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაყწებული ომის შემდეგ, პუტინს შეხვდა.

„ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. ახლახან დავბრუნდი უკრაინიდან და საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის ომის აგრესიით გამოწვეული განუზომელი ტანჯვა“, – განაცხადა ნეჰამერმა.

მისი თქმით, პუტინთან საუბარი იყო „ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი“.

„ყურადღება გავამახვილე ბუჩასა და სხვა ადგილებში სერიოზულ ომის დანაშაულებზე და აღვნიშნე, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. პუტინს ასევე მკაფიოდ ვუთხარი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იხოცება“, – აცხადებს კანცლერი.

კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინის მიმართ იყო ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, რადგან „ომში ორივე მხარეს მხოლოდ წაგებულები არიან“.

მისივე თქმით, პუტინთა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობაზე, რათა სასმელი წყლისა და საკვების მოსახლეობისთვის მიწოდება შეძლონ, ასევე ალყაშემორტყმული ქალქებიდან ქალქების, ბავშვებისა და დაჭრილების გამოსაყვანად.

„ახლა დავბრუნდები და ევროპელ პარტნიორებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გავაცნობ; განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.