ავსტრიის მთავრობის გეგმით, მაღაზიების მუშაობა 14 აპრილიდან ეტაპობრივად განახლდება

პუბლიკა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის მთავრობა გეგმავს, რომ კარანტინის წესების შემსუბუქება დაიწყოს. მაგალითად, შემდეგი კვირიდან საყოფაცხობრებო პროდუქტების მაღაზიები მუშაობას განაახლებენ. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, მთავრობას ამ გადაწყვეტილების საშუალება დროულად მიღებულმა ზომებმა მისცა. შედეგად, ვირუსის გავრცელებამ იკლო, განკურნებულთა რაოდენობამ კი მოიმატა.

„მუშაობის განახლება ეტაპობრივად დაიწყება“, – განაცხადა სებასტიან კურცმა. მისივე თქმით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 14 აპრილიდან 400 კვ. მ.-ზე ნაკლები ფართობის მეორეხარისხოვანი პროდუქტების მაღაზიებს მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ, იგივე მოხდება – საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიებთან მიმართებაშიც. 1 მაისიდან მუშაობა განახლდება ყველა მაღაზიაში, სავაჭრო ცენტრსა და სალონში.

ავსტრიაში საყოველთაო კარანტინი 3 კვირაა გამოცხადებულია, დახურულია სკოლები, ბარები, რესტორნები, თეატრები, მეორეხარისხოვანი მაღაზიები და სხვა თავშეყრის ადგილები.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 12 083 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 220 ადამიანი, განიკურნა – 3 463.