ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არ უარყოფს ჩადენილს, თუმცა არ ახსოვს შემთხვევის დეტალები, რის გამოც მას ჩაუტარდება ჯანმრთელობის კვლევა.

წინასასამართლო სხდომა 14 ივლისს ჩაინიშნა.

21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ ავტობუსში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.