ავტოიმპორტიორთა ასოციაცია: რისთვისაც მიიღეს ეს რეგულაციები, ეს არ გამოიწვევს ეკოლოგიის გაჯანსაღებას

პუბლიკა

ავტოიმპორტიორთა ასოციაცია 6 წელზე ზემოთ ავტომობილის განბაჟებაზე გაზრდილ გადასახადის რეგულაციას ბრიფინგით ეხმიანება და ალტერნატიული წინადადებით გამოდის:

  • გადაიხედოს 6-წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე;
  • 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი განისაზღვროს 1.50 ლარით ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 4.50 ლარით;
  • შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ არგუმენტირებული დიალოგის წარმოების შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

„თუ ჩვენ 2016 წელს [ავტომობილი] ისე გავაძვირეთ განბაჟების გადასახადი, რომ დაუჯდება 2022-2023 წლის ავტომობილის ფასი, მაშინ რა ლოგიკაა ამაში? რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა, ვთქვათ, 2016-იანი ან 2015 წლის ავტომობილი, როდესაც შეუძლია უფრო უახლესი შეიძინოს? სწორედ მაგაშია პრობლემა – მომხმარებელს არ აქვს ამის ფუფუნება, რომ ასე ძვირი გადაიხადოს” – ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე.

ალექსი ნონიაძის თქმით, ისინი სამართლიან, ეკონომიკურად დასაბუთებულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

„1 სანტიმეტრ კუბზე არის გათვალისწინებული 4.50 ლარი და ამავდროულად, შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ 6 წელზე ზემოთ ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადიც იზრდება. თუ იყო 80 თეთრი იგივე 6 წლის ავტომობილზე, ხდება 1.50 ლარი.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 95%-ს, „საქსტატის“ მონაცემებით, არ აქვს საშუალება 6 წელზე და 5 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილის შეძენის. შესაბამისად, ეს დადგენილება რომ შემოვა, მაქსიმუმ ჩავთვალოთ, საუკეთესო შემთხვევაში, რომ 5%-მა კიდევ შეძლოს ამ ავტომობილის შეძენა, სხვა შემთხვევაში 90%-ისთვის ეს ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია.

გამოდის, რომ  2016 წლის ავტომობილში განბაჟებაში იმდენივე რაოდენობა უნდა გადაიხადოს, რაც ფაქტობრივად უწევს იმ თანხის გადახდა, რაც ავტომობილი შეიძინა… წარმოიდგინეთ, 2.0 ძრავით ავტომობილი, რომელშიც გადაიხადა პიროვნებამ 3000 დოლარი, კიდევ 3000-3500 დოლარი უნდა დაამატოს, რომ ელემენტარულად განბაჟების ვალდებულება დაფაროს.

თუ იურიდიული კუთხით ვკრძალავდით რეგისტრაციას (რაც არაკონსტიტუციურია), ეს დადებითი მომენტია, რომ შეიცვალა და ახლა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში აღარ მოდის. თუმცა, ახლა უკვე ფინანსურად ვზღუდავთ ამ ადამიანებს, რომ შეძენის საშუალება არ აქვთ.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გვინდა მივმართოთ პარლამენტს, გვინდა ჩავერთოთ განხილვის პროცესში. ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირაში აპირებენ კანონპროექტის განხილვას და დაჩქარებული წესით მიღებას. აუცილებლად გვექნება კითხვები და გვაქვს გარკვეული მოთხოვნებიც.

დრო გვესაჭიროება იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ძირითად ნაწილში, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რომ არ დაზარალდეს ერთის მხრივ ეკოლოგია. ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები ვართ მხოლოდ ბიზნესის კეთებაზე და ფულის შოვნაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, მათ შორის ეს ბიზნესიც, ასოციაციიდან დაწყებული, თითოეულ დილერამდე. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გაუქმებას, უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ სამართლიან, ეკონომიკურად დასაბუთებულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილების მიღებას” – თქვა ბრიფინგზე ალექსი ნონიაძემ.

ავტოიმპორტიორთა სფეროს წარმომადგენლის, გუჯა ჯამაგინიძის თქმით, ეკოლოგია და საცობები მარტო ამ რეგულაციებით  გამოწვეული არ არის.

„გამოთქმული იყო აზრი თითქმის ყველა იმ კომპანიისა, რომელსაც აწუხებს [აღნიშნული საკითხი] და გულისტკივილი მოქალაქეებისა, რომლებიც ჩახედულები არიან ამ დარგის განვითარებაში, აპროტესტებენ და გამოთქვამენ სურვილს, რომ გადაიხედოს და ზომიერი შეზღუდვები იყოს, რომელიც გამოწვეული იქნება ზუსტად იმ ეკოლოგიით და, ვთქვათ, საცობების რეგულირებით. რისთვისაც მიიღეს ეს რეგულაციები – ეს არ გამოიწვევს ეკოლოგიის გაჯანსაღებას. საჭიროა, რომ ამ დარგსაც მიეცეს სუნთქვის საშუალება. აი, ეს რეგულაციები არა მარტო მოქალაქეებს დააწვება ზურგზე, ძალიან დიდი შემოსავალია სახელმწიფოსთვის. ერთ-ერთ მეორე ადგილზე იყო ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოდან შემოსავლებით სახელმწიფო ბიუჯეტში.დღესდღეობით ეს, თუ ასე გავთვლით, სადღაც ათეულობით მილიარდამდე სხვაობას მოგვცემს და არ აქვს ამ სახელმწიფოს დასაკარგი ფული, რომელიც აღმშენებლობისთვის საჭიროა” – თქვა ჯამაგინიძემ ბრიფინგზე.

ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ მიუხედავად ოფიციალური წერილებისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდნენ და ამასთან დაკავშირებით პირადი კომუნიკაცია იყო, მათთან საკითხზე კონსულტაცია საბოლოოდ, არავის გაუვლია. ამიტომ ისინი განხილვის პროცესში ჩართვას ითხოვენ.

„ოფიციალური განცხადება იყო, რომ კონსულტაცია გავლილი ჰქონდათ დარგის სპეციალისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან. და ჩვენ ვკითხულობთ განმარტებით ბარათში [კანონპროექტის], პირდაპირ უწერიათ, რომ იქ არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.

ამიტომ, ან ერთი საკითხია, რომ ამ შემთხვევაში ტყუის ბარათის, ამ განმარტებითი ბარათის ავტორი და ინიციატორები, ან, ამ შემთხვევაში, უკაცრავად, მაგრამ მინისტრები ტყუიან, როცა ამბობენ, რომ დარგის სპეციალისტებთან გაიარეს.

ჩვენთან პირადად და, ასე ვთქვათ, დარგთან და სპეციალისტებთან ეს კავშირი და კომუნიკაცია არ შემდგარა ასეთი, რომ მაგიდასთან დავმსხდარიყავით, მოლაპარაკება გვქონოდა, ჩვენი არგუმენტები გაგვეცვალა, გვეთქვა ჩვენი არგუმენტები და იქიდან საპასუხო რეაქციას დავლოდებოდით. მსგავსი არაფერი არ ყოფილა” – თქვა ბრიფინგზე ალექსი ნონიაძემ.

12 მარტს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით მიღებული აკრძალვა გაუქმდა. თუმცა სანაცვლოდ, მისივე თქმით, მსგავსი ავტომობილების განბაჟების ტარიფი გაიზრდება და კონკრეტული თანხით, ერთ კუბზე 4.5 ლარით განისაზღვრება.