ავტომანქანებზე ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

„მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.