ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება გადავადდა - დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ავტომანქანებში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება. ცვლილება ტექინსპექტირების შესახებ დადგენილებაში შევიდა.

ნორმა, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ამ ნორმის მიხედვით, გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, უნდა გამხდარიყო 0.5% და 0.3%. დადგენილებაში ცვლილებით კი, 2022 წლის ბოლომდე დასაშვები დოზა ისევ 0.6% დარჩება.

ახალი დადგენილების მიხედვით კი:

  • 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%;
  • 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.
  • 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%;
  • 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.