ავტომობილით მგზავრობისას სამკაციანი შეზღუდვა ეპიდსიტუაციის მიხედვით მოიხსნება - ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ავტომობილით გადაადგილებისას სამკაციან შეზღუდვა უზრუნველყოფს გადაადგილების შემცირებას.

„ავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების გარკვეულ შემცირებას და ეს გამოიყენება არამარტო საქართველოში, ბევრგან სხვა ქვეყნებში,  უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია  ტაქსებით გადაადგილებასა და გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაქსით გადაადგილებისას წინა რიგში, ანუ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს და მგზავრები უნდა განლაგდნენ უკანა სავარძელზე. იგივე მიდგომა გამოყენებულია კერძო ავტომობილების გადაადგილებისას, როდესაც მძღოლი მარტო ზის წინა რიგში და მისი მგზავრი, ორი ადამიანისთვის განსაზღვრულია უკანა ადგილები“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა მოიხსნება ქვეყენაში ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით; პირველ რიგში შეზღუდვა უნდა მოიხსნას კერძო ავტომობილებზე, ხოლო ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა უფრო ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.

„ამ შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას, პირველ რიგში შეზღუდვა უნდა მოხსნას კერძო საკუთრებაში მყოფი ავტომობილების სარგებლობისას. ვთქვათ, დამატებით 2-ზე მეტი მგზავრის დაშვების შესაძლებლობა იყოს, თუმცა ტაქსებისთვის 2 მგზავრის დაშვება, ისიც უკანა სავარძელზე, შედარებით უფრო ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“.