საქართველოს ყოფილი სახლხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გაეცნო. მისი თქმით, ამ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში შესვლაც კი არის დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ.
„გავეცანი კანონპროექტს. გარდა იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ძალიან დაბალი დონის დოკუმენტია, მისი შინაარსი გახლავთ პუტინის რუსეთში მოგონილი და მიღებული კანონების გადმომღერება, მსოფლიოში მსგავს კანონებს ერთი სახელი აქვთ, „პუტინის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი” და იგი ავტორიტარიზმის ოფიციალურად გაფორმების აქტად აღიქმება. მისი არათუ მიღება, არამედ საპარლამენტო განხილვაში შესვლაც კი არის დივერსია მოწყობილი საქართველოს ევროპული პერსპექტივის გასანადგურებლად, “- წერს ნინო ლომჯარია.
15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.