ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე და კიბოს სამკურნალო სხვადასხვა მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდება.
მისი თქმით, ეს იქნება რეფორმის პირველი, საპილოტე ეტაპი, მეორე ეტაპზე კი რეფერენტული ფასი ყველა მედიკამენტზე (აქტიურ ნივთიერებაზე) გავრცელდება.
აზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მოწვევით ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად რეფორმაზე მუშაობენ და არჩევენ რეფერენტული ქვეყნების სიას. მისი თქმით, ქვეყნები განისაზღვრება როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე.
„საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა შერჩეულია. რამდენი დარჩება, არ ვიცი. ამ ქვეყნების დასახელებას ნუ მომთხოვთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის ინსტრუმენტი მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება. ჯერ უცნობია, რომელი ქვეყნის ფასებს აიღებს საქართველოს ხელისუფლება რეფერენტული ფასის დასადგენად მედიკამენტებზე, ასევე უცნობია, გამოთვლის რომელ მეთოდს გამოიყენებენ.