ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა.
პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული და დასაქმებულები სოციალურ დახმარებასთან ერთად 300 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება სოციალურად დაუცველი 200 ათასამდე პირის დასაქმება სხვადასხვა საზოგადოებრივ სამუშაოზე. მისივე განმარტებით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო სამ ალტერნატივას სთავაზობს და სამივე შემთხვევაში პირობები სხვადასხვაა.
„შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სამუშაოებს. მათ ექნებათ სამი ალტერნატივა: 200 ათას შრომისუნარიან მოქალაქეს შევთავაზებთ, რომ, თუ ისინი არიან სადმე სხვაგან დასაქმებულები, გააკეთონ ამის ლეგალიზება და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებულები და არ სურთ ჩვენი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, მაშინ 4 წლის განმავლობაში ვაძლევთ პირობას, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
ასევე აქვთ მეორე ალტერნატივა: მიიღონ ჩვენი შეთავაზება, აირჩიონ ერთ-ერთი საზოგადოებრივი დასაქმების სამუშაო და თვის განმავლობაში დამატებით 300 ლარს მიიღებენ, ასევე, 4 წლის განმავლობაში პირობას ვაძლევთ, რომ არ გადამოწმდებიან და ქულები არ გადაიხედება.
მესამე ალტერნატივა: თუ არ დაგვთანხმდნენ არცერთზე, ჩვენ გადავამოწმებთ მათ ქულებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1 წელიწადში და მივიღებთ გადაწყვეტილებას, იყვნენ ამ ბაზაში თუ არა. გამომდინარე იქიდან, რომ 2 წლის განმავლობაში გამოცხადებული იყო მორატორიუმი ქულების გადახედვაზე და ძირითადად ეს სია მხოლოდ იზრდებოდა, ვფიქრობ, ეს მიდგომა უფრო სამართლიანია და არავის ექნება პრეტენზია, თუ რატომ გადამოწმდა და რომ აღარ უნდა იყოს ამ სიაში.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურამ აზარაშვილმა.
მისი თქმით, პროგრამით მოსარგებლეებს სახელმწიფო შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის საქმეს: ეს იქნება გამწვანება, შენობების დემონტაჟი, დასუფთავებასთან დაკავშირებული საქმეები და.აშ.