მთავარი პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, მათ ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 142 629.7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.