აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული მოზარდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა – სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზის – 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები  ფსიქოლოგსა  და ფსიქოთერაპევტთან  უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი საჭიროების მქონე პირებს როგორც ერთჯერადად, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ,  ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

„ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს  ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ  სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით  ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან”, – აცხადებენ სამინისტროში.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00-19:00 საათამდე იმუშავებს.