აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია, რეკლამის აკრძალვა და სხვა ცვლილებები | კანონპროექტი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ ახალი რეგულაციების დასაწესებლად კანონპროექტის განხილვის ეტაპზეა. საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე კანონპროექტისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი კი მოიცავს ცვლილებებს რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონშიც. კანონპროექტს სხვა ფაქტორებთან ერთად ამ მიმართულებითაც მოჰყვა კრიტიკა. მედიაკოალიციის შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე სათანადოდ არაა შეფასებული.

რა ცვლილებები იგეგმება აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში?

კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება დეფინიცია თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის შესახებ. ასევე ამოქმედდება დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა სია. კერძოდ:

თამაშზე დამოკიდებული პირი – პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში;

დამოკიდებულ პირთა სია – აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე;

კანონი ასევე განარჩევს აკრძალულ პირს – პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით.

ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირია – საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირები (მათ შორის, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი), მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირები; ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის წევრი;

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება:

  • თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში;
  • სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად (ოჯახის წევრს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს დამოკიდებული პირის მონაცემების სიაში შეტანის შესახებ განცხადებით).

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით. ამ სიიდან პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, სიაში შეტანიდან არა უადრეს 3 წლისა;

რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, პროექტში აღნიშნულია, რომ აიკრძალება საქართველოს 25 წლამდე ასაკის მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესვლა და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში) მონაწილეობა.

პროექტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

► არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;

► აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, არ დაუშვას და არ ათამაშოს საქართველოს 25 წლამდე ასაკის მოქალაქე ან  უცხო ქვეყნის 18 წლამდე ასაკისმოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, ასევე, დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირი;

► აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია.

„რეკლამის შესახებ” კანონი

როგორც ზემოთ აღინიშნა, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს რეკლამის შესახებ კანონში. კერძოდ, პროექტის მიღების შემთხვევაში, კანონს დაემატება შემდეგი რეგულაცია:

აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გავრცელება დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

► აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებული, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან ტოტალიზატორის მოწყობა;

► აღნიშნული რეკლამის გავრცელება ხორციელდება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ჩატარების ადგილზე ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის ადგილზე და აღნიშნული წარმოადგენს მათი საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობას;

► აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორისა და ა.შ. მოწყობა, ამასთანავე, ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება და იგი მათ შესახებ ერთადერთი რეკლამაა აღნიშნულ ობიექტზე.

► აღნიშნული რეკლამა განთავსებულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

პროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელი იქნება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და მათი ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციის შემცველი ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრა 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელება ნებადართულია მხოლოდ ვიზუალური ფორმით, სპორტული ღონისძიების ან სპორტული შეჯიბრების გამართვის/ჩატარების ადგილის (ობიექტის) შიდა პერიმეტრზე, ბანერის განთავსების გზით ან/და მოთამაშეთა უნიფორმაზე განთავსების გზით.

ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში

რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს, პროექტით, დაუშვებელი იქნება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და მათი ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს.

სპონსორობის სანაცვლოდ რეკლამის გავრცელებისას ნებდართული იქნება მხოლოდ აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და მათი ორგანიზატორის დასახელების ხმოვანი გავრცელება/გამოცხადება არაუმეტეს 10 წამის ხანგრძლივობით 1 საათში, ნებისმიერი სახის ვიზუალური რეკლამის გავრცელების გარეშე.

რამდენი იქნება ჯარიმები

საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და წესდება ჯარიმები შემდეგ შემთხვევებზე:

► აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან მათი ორგანიზატორის რეკლამის გავრცელება ან აბრის განთავსების წესის დარღვევა დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 000 ლარით.

► 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვებისთვის ორგანიზატორი დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარით;

► დამოკიდებულ პირთა სიაში ან აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი პირების თამაშობაში დაშვებისთვის ორგანიზატორი დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარით;