აზარტულ თამაშებზე კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

პუბლიკა

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე კანონპროექტისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი კი მოიცავს ცვლილებებს რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონშიც.  კანონპროექტს სხვა ფაქტორებთან ერთად ამ მიმართულებითაც მოჰყვა კრიტიკა. მედიაორგანიზაციების შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე სათანადოდ არაა შეფასებული.

დღეს გამართულ განხილვებზე მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ  ვინაიდან მოისმინეს მედიაკომპანიების ჩივილი, რეკლამასთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ამოქმედების ვადას 2022 წლის მარტში გადაწევენ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე „მთავარი არხის” იურისტმა, თამთა მურადაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ტელევიზიებისთვის რეალურად შეღავათის მიმცემი ვერ იქნება და ამ მოკლე დროში ისინი გადაწყობას ვერ შეძლებენ. მედიაორგანიზაციები პარლამენტს კონკრეტული წერილობითი შეთავაზებითაც მიმართავენ.

„ჩვენი წელი მთავრდება 15 იანვარს. რეალურად, პირველ მარტამდე მოგვეცით თვე-ნახევარი. სატელევიზიო სექტორისთვის ეს მართლა არაფერს არ ნიშნავს, ვერ გადავეწყობით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სხვა სეგმენტი, რომელიც ჩაანაცვლებს ამ ხვრელს, რომელიც გაჩნდება ამ ცვლილებებით.

ამიტომ ვითხოვდით, რომ რაღაც გონივრული ვადა მაინც ყოფილიყო, ამიტომ გითხარით, რომ თუ ახლა გინდათ ამოქმედება, კი ბატონო, აამოქმედეთ, უბრალოდ, ეტაპობრივად მაინც აამოქმედეთ, და რაღაც ვადის შემდეგ ტოტალურად აკრძალეთ. ეს იყო საქმიანი წინადადება, რომელიც არ გაითვალისწინეთ”, – ამბობს მურადაშვილი.