აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

პუბლიკა

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამკაცრებს.

დადგენილების მიხედვით, აზერბაიჯანში უვიზოდ მყოფი რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას.

გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რეისი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას 29 ადამიანი გადაურჩა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ილჰამ ალიევმა კვირას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა რუსეთის თავზე ფრენისას „მიწიდან სროლის გამო“.

მისივე თქმით, სჯერა, რომ თვითმფრინავი განზრახ არ ჩამოაგდეს, თუმცა მან რუსეთის ზოგიერთი წრე დაადანაშაულა, რომ სურდათ, ავარიის ბუნების შესახებ სიმართლე დაემალათ.

აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ალიევმა თქვა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა „გარედან“ რუსეთის ტერიტორიაზე და რომ „ელექტრონული ომის სისტემებმა“ თვითმფრინავი კონტროლიდან გამოიყვანეს. მისივე განცხადებით, ფაქტი, რომ ფიუზელაჟი სავსეა ნახვრეტებით, მიუთითებს იმაზე, რომ თეორია, თითქოს მას ფრინველების გუნდი შეეჯახა, დღის წესრიგიდან მთლიანადაა ამოღებული.