სომხური მედია წერს, რომ ქვეყნის პრემიერს ჰკითხეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნავთობპროდუქტების გადაზიდვის დაწყებაზე. აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების ალბათობასთან დაკავშირებით საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემა, რაც, როგორც სომხური მედია წერს, დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფებთან.
ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება.
„თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს მოძებნიან იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გარიგებები კვლავ საინტერესო იქნება“, – თქვა ფაშინიანმა.
18 დეკემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანიდან სარკინიგზო გზით სომხეთში გაიგზავნა AI-95 ტიპის ბენზინით დატვირთული 22 ცისტერნა. ეს ათწლეულების განმავლობაში პირველი ასეთი ექსპორტია.
საწვავის მიწოდება 28 ნოემბერს ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, გაბალაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ განხორციელდა, სადაც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი თავის სომეხ კოლეგას შეხვდა. AnewZ-ის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ნდობის და ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტისა და დახურული საზღვრების შედეგად გაწყვეტილი ეკონომიკური კავშირების აღდგენის ზომები.
აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისმა ძალიან მაღალი ტარიფი მოითხოვა ნავთობპროდუქტების აზერბაიჯანიდან სომხეთში ტრანზიტისთვის.
8 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაევალა, აზერბაიჯანიდან აღნიშნული ტვირთის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. რა პირობებით შეიძლება გაგრძელდეს ტრანზიტი მომავალში, ამ განცხადებაში აღნიშნული არ ყოფილა.