აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ ალიევისთვის თავმჯდომარეობის ვადის შეზღუდვა გააუქმა

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ (YAP), პარტიის წესდებაში ცვლილება შეიტანა და თავმჯდომარისთვის ხუთწლიანი ვადა გააუქმა. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა ყოველ ხუთ წელიწადში აღარ მოუწევს.

ცვლილება პარტიის მერვე ყრილობაზე, 2 ოქტომბერს განიხილეს. „ახალი აზერბაიჯანის“ სარევიზიო კომისიის წევრმა და დეპუტატმა ნიზამი საფაროვმა განაცხადა, რომ წესდებიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლით განისაზღვრებოდა. ალიევი YAP-ს 2005 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ პარტიის ყველა მომდევნო ყრილობაზე თავმჯდომარედ ხელახლა ირჩევენ.

აქამდე მოქმედი წესდების მიხედვით, „ახალი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით ირჩეოდა და ვადის ამოწურვის შემდეგ პარტიის ყრილობას მისი ხელახლა არჩევა უნდა დაედასტურებინა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერი მედია APA-ს ცნობით, საფაროვმა განაცხადა, რომ „ალიევის მიერ „ახალი აზერბაიჯანის“, როგორც ორგანიზებული ძალის, უვადო ხელმძღვანელობა ახალ წარმატებებსა და გამარჯვებებამდე მიგვიყვანს“.

ალიევი პარტიის ხელმძღვანელობაში პირველად 1999 წელს, „ახალი აზერბაიჯანის“ პირველ ყრილობაზე აირჩიეს, როდესაც ის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2001 წლის ნოემბერში გამართულ მეორე ყრილობაზე კი იგი პირველ მოადგილედ აირჩიეს – ეს თანამდებობა მაშინ პირველად შეიქმნა.

ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად 2003 წლის ოქტომბერში აირჩიეს. 2005 წლის მარტში, პარტიის მესამე ყრილობაზე, იგი „ახალი აზერბაიჯანის“ თავმჯდომარე გახდა.

ილჰამ ალიევამდე პარტიას მისი მამა, ჰეიდარ ალიევი ხელმძღვანელობდა, რომელმაც „ახალი აზერბაიჯანი“ 1992 წელს დააარსა. ამის შემდეგ ილჰამ ალიევი პარტიის თავმჯდომარედ ზედიზედ ხელახლა აირჩიეს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ყრილობებზე.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.