აზერბაიჯანმა სომხეთს 95 სამხედროს ცხედარი გადასცა

პუბლიკა

აზერბაიჯანის პატიმართა, ტყვეთა და დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით სომხეთს 95 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცეს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს. ცხედრების გადაცემას ადასტურებს სომხური მხარეც.

შაბათს აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ 32 სამხედროს ცხედარი გადასცა და ბაქოში აცხადებენ, რომ პროცესი გაგრძელდება.

ერევანში აცხადებენ, რომ 12-13 სექტემბრის ღამით აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სომხეთის 207 მოქალაქეა დაღუპული ან დაკარგული. მათ შორის 3 დაღუპული და 2 დაკარგული სამოქალაქო პირია.

დაპირისპირების შედეგად დაიჭრა და დაშავდა 293 სომეხი ჯარისკაცი და 7 სამოქალაქო პირი, 20 სამხედრო კი ტყვედ ჩავარდა.

ბაქოში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხარეს 79 ადამიანია დაღუპული.