პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეკითხვაზე საპასუხოდ – თუ როგორ განვითარდება მოვლენები აზერბაიჯანთან დემარკაციის საკითხზე, უპასუხა, რომ აზერბაიჯანთან საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.
„რაც შეეხება, დემარკაციის პროცესსა და შემდგომ ნაბიჯებს, აქაც თვალსაჩინო მაგალითია ღალატისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღების, უშუალოდ სააკაშვილის მიერ.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.
ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, ალბათ, აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი, რა თქმა უნდა, მოძმე სახელმწიფოსთან. მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ გონივრულ გადაწყვეტილებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება.
ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოეს არის თვალსაჩინო მაგალითი – თურმე, დავითგარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად ეს შემსრულებლები, ვინც არიან, თავად აღიარეს, რომ, თურმე, ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატია, აბა რა არის. რომელი თავმოყვარე სახელმწიფო, რომელი ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.