აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა - მედია

პუბლიკა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა დასრულდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვის ცნობით, ერევანი დათანხმდა აზერბაიჯანის წინადადებებს დარჩენილ ორ საკითხზე, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან გაყვანასა და საერთაშორისო ინსტანციებში დავების შეწყვეტაზე.

„ტექსტზე მუშაობა დასრულდა. შემდეგი ნაბიჯია სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების ამოღების საკითხი. ამასთან, უნდა გაუქმდეს მინსკის ჯგუფი და მისი ნარჩენები”, – განაცხადა მან.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეკრულება 17 პუნქტისგან შედგება, მათგან ორზე მხარეები დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ.

ინფორმაციასთან დაკავშირებით სომხურ მხარეს, ამ ეტაპზე, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.