აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. შედეგად, დიდი ალბათობით, ილჰამ ალიევი კიდევ მომდევნო 7 წლით გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.
62 წლის ალიევი აზერბაიჯანს 20 წელზე მეტია, მართავს. ძალაუფლება მან მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო, შემდეგ კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი.
ქვეყანაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა და იქიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა განდევდა, ალიევმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ალიევს სურს, პოპულარობა მეტი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.
არჩევნები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
ალიევის მმართველობა აზერბაიჯანში კანონების მუდმივად გამკაცრებით და ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავებებით მიმდინარეობს. ასე მოხდა მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.
იანვარში ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელევიზიებს უთხრა, რომ სურს, არჩევნები „ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავდეს“, ვინაიდან ახლა აზერბაიჯანი „ტერიტორიაზე სრულ კონტროლს ფლობს”.