აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“,  – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.

შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტოტიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, – წერს ადმინისტაცია.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 24 სექტემბერს იმყოფებოდა. ის ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.