აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაციული ხასიათის სტატია, რომელიც შეიცავს უზუსტობებს - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სომხეთმა აზერბაიჯანთან დაპირისპირების წინ სერბეთისგან ნაღმტყორცნები მიიღო და შეიარაღება ქვეყანაში საქართველოს გავლით შეიტანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.

„სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს.

აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Haqqin-ის სარედაქციო წერილის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოიძახეს. დანიცა ვეინოვიჩთან შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, სერბეთის ნაბიჯს არამეგობრული უწოდა და ღრმა მწუხარება და იმედგაცრუება გამოთქვა.

თუმცა, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ინფორმაცია არ ჰქონია და აზერბაიჯანის პოზიციას ბელგრადს გადასცემს.


აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თოვუზის დასაბომბად სომხეთს სერბეთმა ნაღმმტყორცნები საქართველოს დახმარებით გაუგზავნა.

„ცნობილი გახდა სენსაციური ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის საზღვარზე მზაკვრული შეტევისთვის წინასწარ ემზადებოდა. შეტევისთვის, რომელიც 12 ივლისს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდა.

haqqin.az-ს სამხედრო წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და დაპირისპირების დროს სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია სომხეთმა სერბეთისგან საქართველოს გავლით მიიღო“, – წერდა აზერბაიჯანული მედიაგამოცემა.