„აზიმუტის“ დაგეგმილ პირველ ფრენაზე აეროპორტში კოლონით მივალთ გასაპროტესტებლად - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 19 მაისს, როდესაც საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ პირველ ფრენაა დაგეგმილი, აქცია დააანონსა. მისი თქმით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონით აეროპორტთან მივლენ.

ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააპროტესტოს საქართველოში რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა.

ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ აეროპორტში… ის აკრძალულია იმიტომ, რომ აკეთებს იმ თვითმფრინავებს, იმ ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს და ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ, ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით, უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ. ასევე ეს არის ავიაკომპანია, რომლის ერთერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი. ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც საქართველოში აპირებს რომ იფრინოს.

ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება, პარლამენტის უკან,  კანცელარიასთან, დღეს აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინასა და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სადაა ქართული საზოგადოება, ამიტომ 19 რიცხვში, როცა დანიშნულია პირველი ფრენა, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად”, – ამბობს ელენე ხოშტარია.


10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.