„აზიმუტს“ საქართველოში მომსახურებას ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია გაუწევს

პუბლიკა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში ამბობენ, რომ ისინი არ გაუწევენ მიწისზედა მომსახურებას რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელმაც საქართველოში ფრენებზე ნებართვა უკვე მიიღო.

მათივე ინფორმაციით, Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

TAV Georgia ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურებას (ე.წ Ground Handling). მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia”, – აცხადებენ კომპანიაში.

ბიზნესრეესტრის მიხედვით, შპს. „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ ორი თვის წინ, 2023 წლის 21 აპრილს, დარეგისტრირდა. კომპანიას დავით კვარაცხელია (60%) და დავით წივწივაძე (40%) ფლობენ. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის ერთპიროვნული დირექტორია დავით კვარაცხელია.

დავით კვარაცხელია პრორუსი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის ვალერი კვარაცხელიას შვილია. ისინი ერთ საცხოვრებელ მისამართზე არიან რეგისტრირებული.

რაც შეეხება კომპანიის მეორე მეწილეს, დავით წივწივაძეს, ის „ჯორჯიან ეარვეისის“  პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის ნათესავია. ისინი ერთ საცხოვრებელ მისამართზე არიან რეგისტრირებული.


გუშინ, 16 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზიმუტთან“ ერთად მოსკოვში ფრენების ნებართვა „ჯორჯიან ეარვეისმაც“ მიიღო.

გუშინ მოქალაქეები პარლამენტთან რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, შემდეგ კი კომპანია „ჯორჯია ეარვეისის“ ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის შემდეგ კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს „გარეწრები, ავაზაკები და არარაობები“ უწოდა.