მარიუპოლში დარჩენილი სამხედროები რუსეთის ულტიმატუმს კვლავ არ თანხმდებიან. თუმცა, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის უფროსის მსგავსად, „აზოვის ბატალიონიც“ მზადაა, რომ მარიუპოლი მესამე ქვეყნის ჩართულობით დატოვოს. ამის შესახებ ბატალიონის ერთ-ერთმა ლიდერმა კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ მარიუპოლიდან მესამე მხარის ჩართულობით ევაკუაციისთვის მსუბუქი შეიარაღებით, რომ გადავარჩინოთ ის პერსონალი, ვინც ჩვენ გვენდობოდა, რომ მოვახდინოთ დაჭრილების ევაკუაცია და თან წავიყვანოთ დაღუპულთა ცხედრები ისეთ ადგილას პატივით დასაკრძალად, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს“, – განაცხადა პალამარმა ვიდეომიმართვისას.
პალამარმა მოუწოდა ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ იყვნენ უსაფრთხოების გარანტორები და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზადაა რუსეთთან მარიუპოლიდან ხალხის გასაყვანად მოლაპარაკებისთვის.
პალამარის თქმით, ბატალიონის ხელმძღვანელობა მიხაილო პოდოლიაკსა და დავით არახამიას ესაუბრა და მათ მზაობა გამოთქვეს, რომ ჩავიდნენ მარიუპოლში ამ საკითხზე რუსულ წარმომადგენლობასთან მოლაპარაკების გასამართათ.