რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დღეს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა და უბრძანა, რომ „აზოვსტალზე“ შტურმი შეწყვიტონ.
„მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული შტურმი ინდუსტრიულ ზონაზე არამიზნობრივია. ვბრძანებ მის გაუქმებას“, – უბრძანა პუტინმა შოიგუს. „მიღებულია!“ – უპასუხა პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა.
თავის გადაწყვეტილებას პუტინი რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ზრუნვით ხსნის. მისი თქმით, საჭირო აღარაა მიწისქვეშ ბრძოლის გადატანა და საკმარისი იქნება ამ სივრცის ბლოკადაში დატოვება.
„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ… ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არ არის საჭიროება, რომ ჩავძვრეთ ამ კატაკომბებში და იქ მიწისქვეშ ვიძრომიალოთ“, – განაცხადა პუტინმა და შოიგუს უბრძანა, რომ შტურმის ნაცვლად „აზოვსტალი“ ძლიერ ბლოკადაში ჰყავდეთ.
„გამოვკეტოთ ეს ინდუსტრიული ზონა ისე, რომ ბუზიც ვერ გადაფრინდეს“, – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ რუსული მხარე, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, დაჭრილების მკურნალობის გარანტიას იძლევა.
სერგეი შოიგუმ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მარიუპოლს უკვე სრულად აკონტროლებს რუსული მხარე, „აზოვსტალი“ კი საიმედოდ მოაქციეს ალყაში.