B.1.1.529 - გამოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მუტაციების დიდ რაოდენობას შეიცავს

პუბლიკა

მეცნიერები ამბობენ, რომ Covid-19-ის ახალი შტამი გამოჩნდა, რომელიც მუტაციების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას შეიცავს. მეცნიერები შიშობენ, რომ ეს შტამი ვირუსის ახალ ტალღებს გამოიწვევს, რადგან მუტაციების სიჭარბე სხეულის თავდაცვითი მექანიზმების დაძლევაში დაეხმარება.

კორონავირუსის ახალი შტამი – B.1.1.529, ჯერჯერობით, ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა. ის პირველად აფრიკაში, ბოტსვანაში 3 ადამიანთან დააფიქსირეს. 6 შემთხვევა გამოვლინდა შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო 1 – ჰონკ-კონგში, სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ პირს აღმოაჩნდა.

ამის მიუხედავად, მეცნიერები ახალ შტამს დიდ საფრთხედ მიიცნევენ, რადგან ვირუსის საცეც ცილაში, რომლის წინააღმდეგაც, როგორც წესი, ვაქცინა მოქმედებს, 32 მუტაციაა. ეს კი ერთი მხრივ ვირუსს უადვილებს უჯრედების ინფიცირებას, მეორე მხრივ, კი იმუნურ სისტემას მის წინააღმდეგ მოქმედება გაუჭირდება.

ჯერჯერობით მეცნიერები ვერაფერს ამბობენ, რამდენად იმოქმედებს ახალი შტამი ვირუსის გავრცელებაზე, იქნება თუ არა საბოლოო ჯამში მეტად გადამდები ან სასიკვდილო, თუმცა, მისი აგებულებიდან გამომდინარე ყურადღებით აკვირდებიან.

დღეს უკვე დიდმა ბრიტანეთმა აფრიკის სამხრეთ ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი დააწესა.