რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულ ნუცა მახარაძეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე და 166-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მანამდე „ბაბილოსთან“ დაკავებულ შაკო მაღრაძეს ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ადვოკატები, გუჯა ავსაჯანიშვილი და ლაშა ტყეშელაძე 300-300 ლარით დააჯარიმა.
12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.