„ბაბილოსთან“ დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ადვოკატები, გუჯა ავსაჯანიშვილი და ლაშა ტყეშელაძე 300-300 ლარით დააჯარიმა.

„დღეს ადვოკატები დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატები თავისუფალ ადამიანებს დავიცავთ ბოლომდე. ყველანაირი სამართლებრივი ზღვარი ამ სასამართლოში წაშლილია. მოსამართლემ ვერ აიტანა სრულყოფილი, ბოლომდე თავისუფალი ადამიანების დაცვა და ადვოკატები დაგვაჯარიმა 300-300 ლარით. ჩემ კოლეგას დავეთანხმები, ეს კოლეგა სანქცირებულია და მისგან პატივია როდესაც ჩვენ დაგვაჯარიმებენ თავისუფალი ადამიანების დაცვის გამო“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ „ტვ პირველთან“.

სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და თქვეს, რომ ის იმყოფებოდა რესტორანში კორპორაციული ღონისძიებაზე.

12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.