სოფელ მაწევანის მკვიდრი თვითმხილველი, 17 წლის გოგონა გადაცემა პოლიტმეტრს უყვება, რომ მეორე დღეს, რაც ტელევიზიით გამოაცხადდა თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ, მან და მისმა მეგობრებმა ის სოფელში შენიშნეს.
სოფელი მაწევანი იმ ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც დაკარგული 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.
„მე თვითონაც დავინახე, ბავშვებმაც შენიშნეს, უფროსებსაც ვუთხარით და პოლიციასაც მივმართეთ”. – ამბობს თვითმხილველი.
მისი თქმით, პოლიცია რამდენჯერმე იყო მოსული: “სამძებრო სამუშაოებს ატარებდნენ. იმ ადგილას, სადაც შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს არ იყო. ზუსტად იმ ადგილას მივიდა თუ არა პიოლიცია არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ამ ტერიტორიებზე ეძებდნენ”.
“ზუსტად ვიცი რომ ის მანქანა იყო, გოგოც ის იყო, შემდგომ ფოტოებზეც ვიცანი” – დარწმუნებით ამბობს რესპოდენტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა. „პირველად მესმის, საქმეში არაფერი დევს” – ამბობს რამიშვილი.
ეს ინფორმაცია ბევრ რამეს შეცვლის – ამბობს ადვოკატი.
_______________________
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში იდგა.
მანქანა მწყემსმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება ორი დღის შემდეგ გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავდაპირველი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.