ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციამ არ აწარმოოს - ადვოკატი

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ არ აწარმოოს. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს  ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ და ცოტა ხნის წინ დატოვეს განყოფილება.

„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. მაინც გავითვალისწინეთ გამომძებლის და განყოფოლების უფროსის კეთილსინდისიერება და ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით, მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.


თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება ორი დღის შემდეგ გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავდაპირველი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.