გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ცხედრის გადმოსვენება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ექსპერტიზის ბიუროს ყინული არ აქვს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ განაცხადა. მისი თქმით, ყინული ოჯახმა იშოვა და ცხედარს დილით ადრე გადაასვენებენ ოჯახში.
„მათ არ აქვთ ყინული, ძალიან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ იმასვიზამთო.. და თან ყინული არ აქვთ.. მერე რუსთავში ირბინეს ბიჭებმა და…ყინული ნაშოვნია და დილით ადრე უნდა.. [გადმოვასვენოთ]. ჩვენ ვიშოვეთ ყინული, ჩვენ. “, — განაცხადა მან.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებებმა მოქმედება აქციის შემდეგ დაიწყეს.
სამართალდამცველებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტყეში დგას, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. გუშინ თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრებმა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.