ბაჩალიაშვილის საქმე | ადვოკატი პროკურატურას მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებს

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებენ, რომ საქმის ახალი ფიგურანტის მიმართ ზეწოლას და მუქარას ახორციელებენ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა ცდილობს, გაანადგუროს ამ ფიგურანტის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები, რათა საქმის გამოძიება აღარ განახლდეს.

ცნობისთვის, საუბარია იმ „სქრინებზე“, რომლებიც მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში გასულ კვირას მიიტანა. მისი მტკიცებით ამ მიმოწერაში ბაჩალიაშვილი თავის მეგობარს სწერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“.

„ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა – მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული „სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა. ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართით გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რომლითაც საქმე შეწყვიტეს.

უნდათ, რომ ეს მოწმე და ეს „სქრინი“, რომელიც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას, პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა.

გოგონა დაგვიკავშირდა და პირდაპირ გვითხრა, რომ ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, გამოძიება დაზარალებულის პოზიციას კი არ ახორციელებს, პირდაპირ მოქმედებს. არანაირ კავშირზე არ გამოსულან ჩვენთან, არანაირი ობიექტურობა არ გამოუჩენიათ, პირდაპირ ახორციელებენ ზეწოლას“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

უწყების ინფორმაციით, მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ მასთან მცხოვრებ ნათესავს მარი შარაშიძეს სატელეფონო ურთიერთობა აქვს ბაჩალიაშვილის დედასა და ადვოკატთან. აღნიშნული მოქალაქის ცნობით, შარაშიძე მცდარ ინფორმაციას აწვდის გარდაცვლილის ოჯახს.

„საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.