ბაჩალიაშვილის საქმე | ჟურნალისტები გარდაცვალებამდე ჩაწერილ ვიდეოებზე

პუბლიკა

„ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე“, – განაცხადა დღეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, ამგვარი ვიდეო/აუდიომასალა საქმეში მოიპოვება. გულუაშვილის შეფასებით, ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ მოიპოვა მისი მობილური ტელეფონიდან და youtube არხიდან, საკმაოდ მძიმედ საყურებელი და მოსასმენია, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ იქ მყოფი ჟურნალისტები პროკურატურამ დახურულ დარბაზში შეიყვანა და ეს ვიდეო/აუდიომტკიცებულებები აჩვენა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ დარბაზში მიკროფონების, ჩამწერების, ტელეფონებისა და კამერების გარეშე შევიდნენ, რადგან კადრები თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრებას ასახავს და, პროკურატურის თქმით, ამ კადრების გასაჯაროებას არ აპირებენ.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, რომელმაც ბაჩალიაშვილის კადრები ნახა.  მისი თქმით, პროკურატურამ ჟურნალისტებს 5 ვიდეო აჩვენა. 

„ორ ვიდეოში თამარ ბაჩალიაშვილი თავად ჩანდა. რაც შეეხება სამ ჩანაწერს,  მხოლოდ მისი ხმა იყო ჩაწერილი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი ვენთვის“, – განმარტავს ქაჯაია.

ნანუკა ქაჯაიას განცხადებით, ერთ-ერთ ვიდეოში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობდა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო რთული.

„ჰქონდა პრობლემები სამსახურში, უნივერსიტეტში. არ იყო კმაყოფილი თავისი სწავლით და შესაბამისად, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარიზში ვეღარ გააგრძელებდა სწავლას. მის ნათქვამ ციტატას მოვიშველიებ: „დაემშვიდობე, თამარ, პარიზში სწავლას“. ეს მისთვის იყო ძალიან რთული, როგორც ვიდეოდან გავიგეთ“, – აღნიშნავს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი.

ქაჯაიას თქმით, ამავე ვიდეოში ნამდვილად იყო საუბარი იმაზე, რომ ბაჩალიაშვილს არ მოსწონდა თავისი გარეგნობა.

„ამბობდა, რომ „აღარ მომწონს ჩემი ვიზუალი იმიტომ, რომ გავსუქდი“, თუმცა, ამ ვიდეოშივე ამბობს – „სექტემბრამდე გაძლევ, თამარ, დროს, რომ შენ გახდე; ასევე, გაძლევ სექტემბრამდე დროს, რომ ეცადო, დამშვიდდე, არ მიაქციო ყურადღება… მაქსიმალურად თბილი იყო ადამიანების მიმართ, კონფლიქტში არავისთან შეხვიდე იმიტომ, რომ შენ ხარ საუკეთესო. ეს იყო ვიდეო, რომელშიც საუბრობდა თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნავს ქაჯაია.

ჟურნალისტი ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეო ქუჩაში იყო გადაღებული და არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახლოს.

ნანუკა ქაჯაიას მონაყოლიდან ვიგებთ, რომ ვიდეო იყო უწყვეტი და ბაჩალიაშვილი ძალიან ბევრს საუბრობდა თავის თავზე.

„საუბრობდა ასევე თავის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე, რომელსაც ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ და ის ამ საქმეში გამოჩნდა პირველივე დღეს, როდესაც ჟურნალისტები ვიყავით კომპანია „ზეგში“. თამარის უშუალო უფროსი იყო ნიკა გეჯაძე. ამ აუდიოდან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ (თამარის სიტყვებით) „რაღაც ურთიერთობა“. ბუნებრივია, რომ დეტალებზე არ ვსაუბრობ, თუმცა ფაქტია, რომ მათ ჰქონდა  რაღაც ურთიერთობა. თამარს ჰქონდა სიმპატია ნიკას მიმართ. ეს ურთიერთობა შემდგომ, სავარაუდოდ, არ გაგრძელდა. თამარის სიტყვებით – „აღარ უნდა მოვიქცე ისე, როგორც მოვიქეცი და თამარ, შენ აუცილებლად უნდა დააძალო შენს თავს, რომ აღარ მოიქცე ისე, როგორც იქცეოდი ნიკასთან“. ასევე, ამბობდა, რომ ნიკა არის მისი უფროსი და ექცევა ყველას კარგად და ზედმეტად არ უნდა ჩათვალოს მან ნიკას ყურადღება. ნიკა ვალდებულია, რომ ის ყველასთან კარგად იყოს და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავი დაემშვიდებინა“, – აღნიშნავს ქაჯაია.

ნანუკა ქაჯაიას თქმით, ბაჩალიაშვილი იხსენებდა ერთ შეხვედრას, სადაც თანამშრომლები, სავარაუდოდ, სამსახურის შემდეგ იყვნენ წასულები. ქაჯაიას თქმით, თამარი ამბობდა, რომ არ ექცეოდნენ კარგად თანამშრომლები და გაბრაზებული და აღელვებული იყო. „ტიროდა ამ ვიდეოში“, – იხსენებს ქაჯაია.

„რაც შეეხება ყველაზე მძიმე მომენტს, რაზეც საუბრობდა ვიდეოჩანაწერში, ამბობდა, რომ მას უნდოდა თავის მოკვლა. ყველა ხერხი იცოდა თავის მოკვლის, თუმცა ერიდებოდა. ერიდებოდა და ეშინოდა დედამისის, მამამისის და ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებდა ძმაზე. ეცოდებოდა ოჯახის წევრები, რომ თავი მოეკლა. ასეთი ფრაზა იყო იმ ვიდეოში, რომელიც მოვისმინეთ, რომ „არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში დავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა“. ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, რაც მოვისმინეთ. ზუსტად ეს იყო ციტატა, რომ ტყეში მოუწევდა ოჯახს მისი ცხედრის ნახვა, გარდაცვლილის. ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ თავი არ მოეკლა. მაქსიმალურად შეეცდებოდა, მაგრამ თუ ამას გააკეთებდა და თავს მოიკლავდა, ბოდიშს უხდიდა ოჯახს. აქვე, ამბობდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა“, – ჰყვება ქაჯაია.

ქაჯაიას თქმით, საგამოძიებო უწყებაში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ, ჯერჯერობით, არ აპირებდნენ და არ იყო დაგეგმილი ამ ვიდეოების გასაჯაროება.

„თუმცა, როცა დასრულდა საგანგებო პრესკონფერენცია, გვითხრეს მედიასაშუალებებს, დაგვეტოვებინა კამერები, ჩამწერები, ტელეფონები, მიკროფონები და უნდოდათ, ეჩვენებინათ ეს ვიდეოები“, – ჰყვება ჟურნალისტი.

ნანუკა ქაჯაიას თქმით, ეს ჩანაწერები ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა უკვე ნახეს და მოისმინეს, თუმცა როგორც ქაჯაია ამბობს, დედა ჰყვებოდა, რომ ბოლომდე არ ჰქონდა სრულად ნანახი, რადგან მისთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის მოსმენა.

„პროკურორი ამირან გულუაშვილი ესწრებოდა, ჩვენთან ერთად იყო, თუმცა არ გვქონია კითხვის დასმის საშუალება. ერთადერთი, რაც ვიკითხეთ, ვთხოვეთ, იქნებ განემარტათ ბოლო ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მე ვისაუბრე და სადაც ტყეზე იყო მითითება. ვკითხეთ თარიღი – როდის იყო გადაღებული, როდის იყო ჩაწერილი და დაგვისახელა დაახლოებით თებერვალშიო“, – ჰყვება ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი.

ბაჩალიაშვილის კადრებს იხსენებს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, ქეთი გრიგორაშვილიც.

„საუბარს დავიწყებ იმ ვიდეოებზე, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მტკიცებულების სახით ამოიღო თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილურიდან და პირადი იუთუბარხიდან. ამ ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე წუთის წინ მოგვეცა ჟურნალისტებს“, – ამბობს გრიგორაშვილი.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეფასებით, საკმაოდ მძიმედ საყურებელი და მოსასმენი იყო ის ე.წ. ვიდეოდღიურები, რომლებსაც თამარ ბაჩალიაშვილი წერდა. გრიგორაშვილის თქმით, ამ ვიდეოებში ბაჩალიაშვილი თავის თავს ესაუბრება ამ ცხოვრებისა და მის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ 5 ვიდეომტკიცებულება ვიხილეთ დღეს მედიის წარმომადგენლებმა. ერთ-ერთ ვიდეოში კი თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს დაგეგმილ სუიციდზე. უფრო ზუსტად კი ამბობს, რომ  გადაწყვეტილი აქვს თვითმკვლელობა, თუმცა ფიქრობს ოჯახის წევრებზე, თუ რა რეაქცია ექნებათ, როდესაც მას ტყეში გარდაცვლილს ნახავენ. როგორც გითხარით, თამარ ბაჩალიაშვილი  ზრუნავს მხოლოდ ოჯახის წევრებზე, თავი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს“, – აღნიშნავს ქეთი გრიგორაშვილი.

პროკურატურის მიერ ნაჩვენებ კადრებს იხსენებს ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტიც. ნინუცა კეკელიას თქმით, დახურულ ჩვენებაზე იმ 16 ვიდეოფაილის ნაწილი ნახეს, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დევს.

„ ეს არის ვიდეოჩანაწერები, შეიძლება ითქვას – ვიდეოდღიური. თამარ ბაჩალიაშვილი წერდა ვიდეოებს და ტვირთავდა youtube-ის არხზე. ჩვენ მოვისმინეთ ამ ჩანაწერების შინაარსი და გვაქვს უფლება, რომ ნაწილი მოვუყვეთ მაყურებელს. ჩანაწერებში თამარი საუბრობს სუიციდზე, თუმცა  ამბობს, რომ ეცოდება მშობლები და ძმა და ამას არ აკეთებს სწორედ ამიტომ,“ – იხსენებს ნინუცა კეკელია.

კეკელიას თქმით, ამავე ვიდეოებში ბაჩალიაშვილი თავს მოუწოდებს, შეასრულოს დასახული გეგმა, ისწავლოს, ჰქონდეს კარგი სამუშაო და კარგი ანაზღაურება.

„უნდა ვთქვათ, რომ ეს ვიდეო, რომელშიც ბაჩალიაშვილი სუიციდსა და თავისი სიყვარულის ისტორიაზეც საუბრობს,  ჩაწერილია თებერვალში. ჩანაწერები ნანახი აქვთ საქმის ადვოკატებს და ისინი ამბობენ, რომ ეს ჩანაწერები არ ადასტურებს,  სუიციდს თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. ვიდეოჩანაწერი არის პირადი ცხოვრების ამსახველი და პროკურატურა ამ კადრების გასაჯაროებას არ აპირებს“, – ამბობს ნინუცა კეკელია.

ხათუნა გაგნიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტია, რომელმაც დახურულ კარს მიღმა ნაჩვენები თამარ ბაჩალიაშვილის კადრები ნახა. 

ხათუნა გაგნიძე აღნიშნავს, რომ ამ მასალებში თამარ ბაჩალიაშვილი, ერთი მხრივ, საუბრობს წარუმატებლობაზე და მეორეს მხრივ, გეგმავს მომავალს.

„ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც როგორც პროკურატურაში განგვიმარტეს თებერვალშია ჩაწერილი, გარდაცვალებამდე 4 თვით ადრე დაახლოებით, ის არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. საუბრობს პირად ცხოვრებაში წარუმატებლობაზე, პირად ურთიერთობაზე. ამბობს, რომ თავის მოკვლა უნდა, თუმცა უფრთხილდება ახლობლებს. ჩანაწერი არის საკმაოდ ვრცელი. ერთ-ერთ მომენტში ამბობს, რომ თავს მოიკლავს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოუწოდებს, რომ ოდესმე ამას გაუძლონ“, – ჰყვება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი.