ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების ცენტრი“(HRIDC) თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების შესახებ მომზადებულ მასალას ავრცელებს, რომელშიც, მათი შეფასებით, პრობლემური საკითხებია ასახული.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამარ ბაჩალიაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავს. ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი საქმეში 2020 წლის 7 სექტემბრიდან ჩაერთო.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას პროკურატურა 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. HRIDC-ის შეფასებით, პროკურატურა ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი მოითხოვენ, საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭოს.
„ადამიანის უფლებების ცენტრის“ შეფასებით კი, პროკურატურის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისა და საქმის ყოველმხრივი შესწავლის ნაცვლად, მათი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიასაშუალებებეის მეშვეობით, აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა თვითმკვლელობის ვერსიის სისწორესთან დაკავშირებით, რისთვისაც გამოიყენებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრთა პერსონალური ინფორმაცია, შემთხვევამდე წლების წინ განვითარებული მოვლენებით მანიპულირება, ოჯახისა და საწინააღმდეგო აზრის მქონე პირთა დისკრედიტაციის მცდელობა და ა.შ.
„პროკურატურის მიერ მსგავსი მეთოდები, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იკვეთება (მაგ.: ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე). გამოძიების პარალელურად უკვე აპრობირებულ მეთოდად იქცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით დაზარალებულთა და მათი უფლებამონაცვლეების დისკრედიტაცია, სხვადასხვა სახის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება და ა.შ.“, – წერს ცენტრი.
HRC-ის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს ისეთი საკითხები, რომელიც პროკურატურას არ შეუსწავლია და რომელიც შესაძლოა, მიუთითებდეს ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე.
ამ საკითხების ერთობლიობის ანალიზით, ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება წარიმართოს განზრახ მკვლელობის მუხლით.
საკითხები, რომლებიც, ცენტრის შეფასებით, არ არის შესწავლილი
⬛ ცენტრის განცხადებით, გამოძიება კვლავ უპასუხოდ ტოვებს კითხვას, თუ რატომ დასჭირდა თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის სისრულეში მოსაყვანად ასეთი გრძელი მარშრუტის გავლა და ამავე დროს, მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით, რატომ ცდილობდა იგი კონკრეტული ლოკაციის პოვნას.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 18 ივლისს ბაჩალიაშვილმა ფონიჭალის დასახლებაში, ბებიის სახლში შეიარა. ბებიის სახლი დაკეტილი იყო, გასაღები ჰქონდა თამარს, რომელმაც იცოდა, რომ სახლი რამდენიმე დღე ცარიელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის მარნეულისკენ წავიდა, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობისთვის.
ბაჩალიაშვილის მიერ გავლილი მარშრუტით ცენტრს რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი კონკრეტული ლოკაციისკენ მიემგზავრებოდა და თან ამ ლოკაციას გზადაგზა ეძებდა. ცენტრი ფიქრობს, რომ ამ მიზნით შევიდა იგი სოფელ გოლთეთში, სადაც მოწმეები აცხადებენ, რომ იგი სოფლიდან გასასვლელ სხვა გზას ეძებდა.
⬛ ცენტრისთვის საეჭვოა ისიც, რომ, მიუხედავად აქტიური სამძებრო სამუშაოებისა, ბაჩალიაშვილის მანქანა 4 დღე ვერ იპოვეს.
საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ოთხი დღის განმავლობაში იდგა მისი აღმოჩენის ადგილზე, სოფელ მაწევანში, საავტომობილო გზიდან დაახლოებით 65 მეტრის მოშორებით. ასევე, გამოძიება ამტკიცებს, რომ უწყვეტად ეძებდნენ მანქანას, იმ ადგილებშიც, სადაც საბოლოოდ ის იპოვეს. საქმის მასალების მიხედვით, საბოლოოდ, მანქანა მწყემსმა აღმოაჩინა. ორგანიზაციის შეფასებით, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ დრონების საძიებო არეალში ის ადგილი არ მოხვდა, სადაც 22 ივლისს მანქანა აღმოაჩინეს.
ცენტრი წერს, რომ უცნობია, გამომძიებლები გაუჩინარების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელს რატომ არ ეძებდნენ მისი მობილური ტელეფონის მეშვეობით. გამოძიების ვერსიით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელეფონი გამორთული და გაფუჭებული აღმოჩნდა. მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ტელეფონი გვამურ სითხეს დაეზიანებინა, მაგრამ, ცენტრი ამტკიცებს, რომ მსგავსი სითხე ტელეფონზე შეუძლებელია სიკვიდილის დადგომისთანავე აღმოჩენილიყო.
⬛ გამოძიების მხრიდან პასუხი არ გაცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი, როცა საგამოძიებო მასალების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ჩაკეტილი იყო და ოთხივე მინა ბოლომდე აწეული ჰქონდა.
გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ეს იყო ე.წ. „ლეშის ბუზები“. ცენტრი ამბობს, რომ მათი არსებობა გვამის გახრწნის პროცესში არაფრით იქნებოდა უჩვეულო, რომ არა მანქანის საქარე მინების სრულად დახურულ მდგომარეობაში ყოფნა.
ცენტრისთვის ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ გვამი, შესაძლოა, მანქანაში მოთავსებამდე ყოფილიყო ღია სივრცეში, სადაც ხრწნის პროცესთან ერთად მსგავსი მწერების ყოფნაც ბუნებრივი მოვლენაა.
აცხადებენ, რომ ამ გარემოებით, კიდევ უფრო მყარდება ის ეჭვი, რომ ბაჩალიაშვილის გვამი მოგვიანებით მოათავსეს მანქანაში და მიიტანეს შემთხვევის ადგილზე.
⬛ სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს.
HRIDC დავით ფურცხვანიძის დაკავებასა და მიხეილ რამიშვილის გამოკითხვას აფასებს, როგორც პროკურატურის მიერ ძალის დემონსტრირებას და დაზარალებულის ოჯახსა და მათ ადვოკატებზე ზეწოლას.
⬛ არსებობს ინფორმაცია, რომ 21 და 22 ივლისს, ღამით, სოფელ გოლთეთში რამდენიმე საათით გამოირთო ელექტროენერგია, რაზეც ჟურნალისტი ელისო კილაძე ეჭვობს, რომ შესაძლებელია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის და ცხედრის შეუმჩნევლად გადატანის ხელშემწყობი ყოფილიყო.
ელისო კილაძე ასახელებს კონკრეტულ პირს, რომელმაც ელექტროენერგია გამორთო. ეს პირი გამოძიების მიერ დღემდე არ არის დაკითხული. ცენტრის შეფასებით, ამ საკითხზე ელისო კილაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიღრმისეული გამოკვლევა მნიშვნელოვანია საქმისთვის, მაგრამ პროკურატურა პასიურობს და ჟურნალისტის საჯარო განცხადებებზე სათანადოდ არ რეაგირებს.
„ადამიანის უფლებების ცენტრი“ აცხადებს, რომ პროკურატურას არ შეუსწავლია ალტერნატიული გზა, რომელიც გოლთეთსა და „ვილა ალგეთს“ აკავშირებს. ამ დრომდე დაუდგენელია იმ ქალის ვინაობა, ვისზეც შედგენილია ფოტორობოტი. ეს ქალი დაკრძალვამდე მივიდა პანაშვიდზე და გარდაცვლილის ცხედარს და მის დედას გაურკვევლად უხდიდა ბოდიშს.
გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სანდოდ გამოძიება მწყემსი მამა-შვილის ჩვენებებს, ვინც მაწევანთან თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინა.
ორგანიზაცია წერს, რომ შემთხვევის დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია, არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას.
ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვისაც ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე არსებული დნმ.
ვერ დადგინდა ვის ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩაზე და ტელეფონზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები. ორ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები დადგინდა, რომ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.
ორგანიზაცია წერს, რომ 4 სხვადასხვა სახის მედიკამენტიდან, რომელიც თამარ ბაჩალიაშვიმა გაუჩინარების წინა დღეს – 17 ივლისს შეიძინა, 2 მათგანი არ აღმოჩნდა არც მის სისხლში და არც მის ნივთებში.
ორგანიზაციას კითხვები აქვს, რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ ის 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მიდის მისი ნათესავის – რიტა ზურაბაშვილის ბინაში; რატომ ვერ მოხდა წინწყაროში არსებული 112-ის კამერიდან ჩანაწერის მიღება.
„ადამიანის უფლებების ცენტრის“ მასალას სრულად გაეცანით ლინკზე.