სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.
მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები, “- ნათქვამია განცხადებაში.
სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
ამ საკითხთან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა რამდენიმე დღის წინ პროკურატურამაც და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრები გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.