ბაჩანა კაპანაძე: დასაქმებულებსა და „რუსთავი აზოტს“ შორის შეთანხმება შედგა

პუბლიკა

„რუსთავი აზოტის“ გაფიცული თანამშრომელი ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანიასა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა.

„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტს“ შორის. დაკმაყოფილებული პუნქტები: 1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით. 2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება. 3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ. 4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში. 5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება. 6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე. 7. შეიქმნა პროფკავშირი. მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით“,- წერს ბაჩანა კაპანაძე.

1 კვირაზე მეტია რაც „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა ნაწილი გაფიცული იყო. ისინი ხელფასის 300 ლარით გაზრდას მოითხოვდნენ.

დღეს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „სს „რუსთავის აზოტი“ ყოველთვის ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომით პირობებსა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და მათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიაში თანამშრომლებს უკვე რამდენჯერმე გაუზრდეს ხელფასი.

აქვე ნათქვამი იყო, რომ თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვა უკანონოა და „უკანონო გაფიცვის ფარგლებში ფიქსირდება გაფიცულთა მხრიდან საწარმოს შესასვლელის ბლოკირება და სხვა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ძალადობრივად ხელის შეშლა, რასთან დაკავშირებითაც კომპანია მიმართავს შესაბამის ორგანოებს შესაბამისი პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სათანადო რეაგირების განხორციელებისათვის.“