ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

ბაჩანა შენგელია, რომელსაც მინისტრის ბრძანების საფუძველზე სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა, მინისტრის ბრძანებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და შესაბამისი საჩივრით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს. ბაჩანა შენგელიას ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

საიას წარმომადგენელის, გიორგი გოცირიძის თქმით, დავა ეხება მინისტრის ბრძანებას ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ადგენს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსს ან მის უფლებამონაცვლეს ეზღუდება საქმიანობა 1 თვიდან 2 წლამდე ვადით.

გიორგი გოცირიძის თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით, მინისტრის ბრძანება კი კანონქვემდებარე აქტია და სანქციაც, რომელსაც აღნიშნული დადგენილება აწესებს, არაპროპორციულია. მინისტრის ბრძანების მიხედვით, ნოტარიუსი თუ არღვევს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს პირველივე ჯერზე ეს ქმედება სანქციის სახით ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას, რაც გოცირიძის თქმით არაპროპორციული სასჯელია.

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. განცხადება იხილეთ ბმულზე.

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წლის ივნისში შეუჩერდა. სამინისტრო შენგელიას დისციპლინურ დარღვევას ორ ეპიზოდზე ედავება. ერთ შემთხვევაში საუბარია ბაჩანა შენგელიას შემცვლელის ყოფნაზე სანოტარო ბიუროში, მეორე საქმეში კი – სოციალურ ქსელში ბაჩანა შენგელიას პოსტებზე, რომლითაც, სამინისტროს შეფასებით, ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ წესს არღვევს.

ბაჩანა შენგელიას შეფასებით, სამინისტროს არგუმენტები უსაფუძვლოა და დედის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო მისი მხრიდან მძიმე შეფასებებისა და პოზიციების გამო იდევნება.

ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბაჩანა შენგელიას საქმის წარმოებამ პრობლემები ორი მიმართულებით წარმოაჩინა – ერთი მხრივ, არსებული კანონმდებლობის ხარვეზი; მეორე მხრივ კი, რჩება განცდა, რომ ეს არის ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობაა.