ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება ანგარიშსწორების აღქმას აჩენს- TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას აფასებს.

ორგანიზაციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს.

TI-ს განცხადებით, მინისტრის დებულებაში შეტანილი ცვლილების ქრონოლოგია დისციპლინირების მექანიზმის ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს იუსტიციის მინისტრის დებულება განსაზღვრავს. 2020 წლის 22 მაისამდე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპისა და ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა საშუალო დისციპლინურ გადაცდომად ითვლებოდა, რისთვისაც გაფრთხილება ან საყვედური იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წლის 22 მაისს იუსტიციის მინისტრმა ცვლილება შეიტანა დებულებაში და იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომად განისაზღვრა. ამ გადაწყვეტილებამ მინისტრს მისცა ბერკეტი, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ბაჩანა შენგელიას მიმართ არა საყვედური ან გაფრთხილება, არამედ 1 თვიდან 2 წლამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების სანქცია გამოიყენოს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის 22 მაისამდე დებულება ბოლოს 2016 წელს შეიცვალა“, – განმარტავს ორგანიზაცია.

ასევე, TI-ში მიაჩნიათ, რომ დისციპლინირების საფუძველი სათანადოდ განჭვრეტადი არ არის და გარდა ამისა, შესაძლოა, კონსტიტუციასთანაც იყოს წინააღმდეგობაში.

ორგანიზაცია წერს, რომ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბაჩანა შენგელიას მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოება სავარაუდოდ შემდეგი საფუძვლებით მოხდა:

  1. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა;
  2. საქართველოს ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, ეთიკის კოდექსის მიხედვით, ნოტარიუსი ვალდებულია თავი შეიკავოს თავისი მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამომჟღავნებისაგან. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი სახის პოლიტიკური პროპაგანდა, როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.

აქედან გამომდინარე, „გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების არა კანონის, არამედ კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შეზღუდვით, უგულებელყოფილი იქნა კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმალურ მოთხოვნა – უფლებების შეზღუდვა მოხდეს კანონის საფუძვეზე, ამასთან, უფლების შემზღუდავი აქტი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არ უნდა იყოს თვითნებური და დაუსაბუთებელი.

„საპარლამენტო კონტროლის გვერდის ავლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ თვითნებური და არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საფრთხე შექმნა. შესაბამისად, შესაძლოა კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნის უგულებელყოფა ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძველი გახდეს“, – წერს TI.

„საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ პრობლემურია დისციპლინური წარმოების ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება.

„საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის ჩატარება ააჭიანურებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას, ან საქმის გარემოებები დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით“, – წერს ორგანიზაცია და მიიჩნევს, რომ შენგელიას საქმე აღნიშნულ საგამონაკლისო წესში არ ექცევა.

„გამჭვირვალობის“ განცხადებით, დისციპლინური წარმოების საფუძველი – ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯარო გამჟღავნება და პოლიტიკურ შეფასებების გაკეთება – შეფასებითი კატეგორიასთან ერთად, არაგანჭვრეტადი ხასიათისაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საქმე ზეპირი მოსმენით ჩატარდეს და ნოტარიუსს მიეცეს შესაძლებლობა თავისი მოსაზრებები ზეპირი ფორმით დააფიქსიროს.

გარდა ამისა, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შენგელიასთვის ნოტარიუსთა სამუშაო პროგრამაზე წვდომის შეჩერება დაუსაბუთებლად მოხდა.

„„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების სამ საფუძველს:11 1. თუ ნოტარიუსმა დაარღვია ნოტარიუსად რეგისტრაციისათვის კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენის წესი და პირობები; 2. თუ ნოტარიუსმა ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი გადაცდომა; 3. მიღებულია გადაწყვეტილება ნოტარიუსის ბრალდებულად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არცერთ ზემოთხსენებულ საფუძველს ადგილი არ ჰქონია“, – წერს TI.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშწორების აღქმას აჩენს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ:

  • აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენასთან დაკავშირებით;
  • შეჩერდეს დისციპლინური წარმოება ბაჩანა შენგელიას საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.